* * *
გამოთხოვება ანზორ ერქომაიშვილთან
ანზორ ერქომაიშვილი -
არ მოიძებნება თუნდაც ყველაზე აღმატებული ეპითეტი, ამ სახელსა და გვარს რომ არ დაჰშვენებოდა.
დღეს გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ნამდვილი მნიშვნელობა საკრალურ სიტყვებს: მოღვაწე, ერისკაცი, მამულიშვილი.
ანზორ ერქომაიშვილს სახელოვანი ბაბუა არტემი, დიდი ეროვნული მოღვაწე, ამ სიტყვებით გამოეთხოვა: „მე კი არ ვკვდები, მივდივარ. მივდივარ და ცოცხალი ვიქნები შენით. შენ შეგიძლია, მომკლა და შეგიძლია, საუკუნეები მაცოცხლო. ეს დამოკიდებულია იმაზე, ქართულ სიმღერებს როგორ მოუვლი და შეინახავ."
მოიძია. მოუარა. შეინახა. გააცოცხლა.
და როცა იუნესკომ მრავალხმიანი ქართული სიმღერა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, მივიდა ბაბუა არტემის საფლავთან და ჩუმად უთხრა: „შენი ოცნება ასრულდა, ბაბუ!“.
28 წლისა იყო ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლი „რუსთავი“ რომ დააარსა.
50 წლის განმავლობაში, ანსამბლმა 80 ქვეყანაში 6 ათასი კონცერტი გამართა, კომპაქტ-დისკზე ჩაწერა და ალბომებად გამოსცა 900 - ზე მეტი სიმღერა.
„რუსთავს“ ტაშს უკრავდნენ მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ საკონცერტო დარბაზებში.
როცა საფრანგეთში მოუსმინეს, იქაურ პრესაში, ჩვენზე, ქართველებზე, დაწერეს: „ისინი ბედნიერები არიან, რადგან მაყურებელი ტაშს უკრავს მათი სამშობლოს სულის ნაწილს.“
დღეს ჩვენი სამშობლოს სულის ნაწილია ქართული ხალხური სიმღერაც და თვითონ ანზორ ერქომაიშვილიც - მისი გადამრჩენელი და შემნახავი.
„თუ გვინდა, ქართული ხალხური სიმღერა გადავარჩინოთ, ის მომავალ თაობას უნდა ვასწავლოთ და შევაყვაროთ!“ - ურყევად სწამდა ანზორ ერქომაიშვილს და ამის რეალური ხორცშესხმაა ანსამბლი „მართვე“, რომელმაც თაობებს შეაყვარა და, „რუსთავის“ მსგავსად, მთელს მსოფლიოსაც გააცნო ქართული ხალხური სიმღერა.
და რა წიგნები დაგვიწერა?!
„ჩემი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი“ - დიდი ლოტბარისა და საზოგადო მოღვაწის შთამბეჭდავი პორტრეტი, შესანიშნავი ბელეტრისტული პასაჟებით;
„მოგვითხრობს ანზორ ერქომაიშვილი“ - მისი ნაწერების ერთგვარი რჩეული, რომელიც სულ ახლახან, ინგლისურ ენაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამოიცა.
სხვა არაერთიც...
ანზორ ერქომაიშვილს არ უყვარდა, როცა აქებდნენ, თავს უხერხულად გრძნობდა, მოღვაწეს რომ უწოდებდნენ, - მოღვაწეები დიდი ილია და ექვთიმე თაყაიშვილი იყვნენო.
არადა, თვითონაც ექვთიმეს დარი მოღვაწე იყო.
ამიტომაც ერთგულმა მოწაფეებმა, მასწავლებლის ნების საწინააღმდეგოდ, მაინც დაწერეს ის, რაც სრული ჭეშმარიტებაა: „გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ქართული მუსიკალური ენის, ჩვენი მრავალხმიანობის გადარჩენისა და პოპულარიზაციისათვის გაწეული მსახურების გამო, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელი მომავალში ღირსეულად მოიხსენიება ისეთი დიდი მოღვაწეების გვერდით, როგორებიც არიან ექვთიმე თაყაიშვილი, ფილიმონ ქორიძე, ექვთიმე კერესელიძე, ძმები კარბელაშვილები, ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი“...
უკეთესად ვერ იტყვი.
უკეთესად მხოლოდ წმიდა ილია მართალი იტყოდა.
იტყოდა იმას, რაც გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ბრძანა:
„დიდხანს და დიდხანს იქნებიან საქმენი მისი ჩვენდა საოხად, სიტყვანი მისი ჩვენდა საწვრთნელად. ყოველივე ეს დიდხანს კიდევ ისაქმებს ჩვენში. დიდხანს და დიდხანს ქართველს საბუთი ექნება სთქვას, რაც მარტო დიდ-ბუნებოვან კაცზეა თქმული: მოკვდა და თვისის ანდერძით, აწ ისევ საქმობს მკვდარიო“...
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლე
10 აგვისტოს ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის გახდებოდა... -------------------------------------დღეს ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა... უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ღირსეული ქართველის, დიდი მეცნიერის, ერისკაცის და მუსიკოსის სულს...
* * *
10 აგვისტოს ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის გახდებოდა...
-------------------------------------
დღეს ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა...
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ღირსეული ქართველის, დიდი მეცნიერის, ერისკაცის და მუსიკოსის სულს...
19:26 / 10.08.2021