გუნდი
ვარლამ ქუტიძე
სტუდია „მართვეს“ ხელმძღვანელი
ვარლამ ქუტიძე
სტუდია „მართვეს“ ხელმძღვანელი
სტუდია „მართვეს“ ქართული ხალხური სიმღერის მიმართულების პედაგოგი, გუნდის ლოტბარი. დაიბადა 1967 წელს. სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე (1988-1993 წწ.) და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტზე (1996-2001 წწ.). წლების მანძილზე ეწევა პედაგოგიურ, საკონცერტო და სამეცნიერო მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა აუდიო კომპაქტ-დისკები, საგანმანათლებლო დანიშნულების კრებულები. გალობს პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარში. „მართვეს“ მგალობელთა გუნდთან ერთად წარმატებით გამოდის მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში, საერთაშორისო ფესტივალებზე. 2019 წლიდან ვარლამ ქუტიძე სტუდია „მართვეს“ ხელმძღვანელია.
ალდონა ერქომაიშვილი
სტუდია „მართვეს“ ქართული ხალხური სიმღერის მიმართულების პედაგოგი
ალდონა ერქომაიშვილი
სტუდია „მართვეს“ ქართული ხალხური სიმღერის მიმართულების პედაგოგი
ქართული ხალხური სიმღერა შეისწავლა ბაბუის, სიმღერისა და გალობის მცოდნის, მოამაგის და მკვლევარის არტემ ერქომაიშვილისგან. 1978 წლიდან დღემდე მუშაობს ანსამბლ „მართვეში“ მოსამზადებელი ჯგუფის პედაგოგად. ოთხი ათეული წლის მანძილზე წარმატებით აღზარდა არაერთი თაობა.
ალექსანდრე ხიზანიშვილი
სტუდია „მართვეს“ საკრავიერი მუსიკის მიმართულების პედაგოგი
ალექსანდრე ხიზანიშვილი
სტუდია „მართვეს“ საკრავიერი მუსიკის მიმართულების პედაგოგი
დაიბადა 1970 წელს. სწავლობდა ხალხურ საკრავთა სტუდიაში (1976-1983 წწ.). მუშაობდა პედაგოგად ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში (შემდგომში სტუდია „მართვე“) და თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონში. სხვადასხვა წლებში იყო ანსამბლების - „ლაშარი“, „გეორგიკა“, „ეგარი“, „შინი“ - სოლისტი. აქტიურად შეისწავლის საარქივო აუდიომასალებს და აცნობს მსმენელს. სრულყოფილად ფლობს არაერთ ხალხურ საკრავს, არის უენო სალამურის უბადლო შემსრულებელი.
ლაშა გოგნიაშვილი
სტუდია „მართვეს“ თეატრის მიმართულების პედაგოგი, დასის რეჟისორი
ლაშა გოგნიაშვილი
სტუდია „მართვეს“ თეატრის მიმართულების პედაგოგი, დასის რეჟისორი
დაიბადა 1973 წელს. სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ სახელმწიფო ინსტიტუტში დრამისა და კინოს მსახიობის ფაკულტეტზე (1990-1995 წწ.) და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამის რეჟისორის უმაღლეს სარეჟისორო კურსზე (2001-2004 წწ.). 2008 -2013 წწ.-ში სწავლა განაგრძო სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო საერთაშორისო თეატრალური აკადემიის ასპირანტურაში დრამის რეჟისურის განხრით. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ და სარეჟისორო მოღვაწეობას. დადგმული აქვს 50-ზე მეტი სპექტაკლი როგორც მოზარდთა თეატრში „თეატრალი“, ასევე სხვადასხვა თეატრში: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, თეატრი ათონელზე, ახალი თეატრი, ახმეტელის თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი, პანტომიმის თეატრი; მუშაობს რეგიონების თეატრალურ დასებთანაც. 2014 წლიდან არის თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი. არაერთხელ აღინიშნა რეჟისორის ნამუშევრები, მათ შორის, სანკტ-პეტერბურგის აბრიანცევის სახელობის მოზარდთა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა.
ომარ ბურდული
სტუდია „მართვეს“ მთავარი ლოტბარი
ომარ ბურდული
სტუდია „მართვეს“ მთავარი ლოტბარი
დაიბადა 1991 წელს. 2003 წელს დაამთავრა ფოლკლორული სასახლის საგუნდო-სამუსიკო სკოლის სრული კურსი სიმღერის სპეციალობით. სწავლობდა ევ. მიქელაძის სახ. მეორე სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე (2006-2009 წწ.). 2013 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი დირიჟორობის სპეციალობით. 2015 წელს კი იგივე ფაკულტეტის მაგისტრატურა. 1998-2007 წლებში იყო ბიჭუნათა ხალხურ ანსამბლ „მართვეს“ სოლისტი. სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა „მართვეს“ გასტროლებში რუსეთში, გერმანიაში, იტალიაში და სხვ. ქვეყნებში. 2009 წლიდან გახლავთ ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ კონცერტების აქტიური მონაწილე. ამავე წლიდან დღემდე არის სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის წევრი. 2012 წელს „საგუნდო მუსიკის ფესტივალზე“ უდირიჟორა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდს. 2012 წელს ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში შესრულდა შავლეგ შილაკაძის კანტატა „ლოცვა“; კონცერტზე სიონის ტაძრის ვაჟთა გუნდის ხელმძღვანელის თხოვნით უდირიჟორა აღნიშნულ გუნდს. 2013 წლის 6 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო კონცერტში „ქართული ოპერის სათავეებთან“ , სადაც ზ. ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ შეასრულა სტუმრის პარტია „ჩაკრულო“. 2013 წელს ჩამოაყალიბა „თბილისის გოგონათა გუნდი“. აღსანიშნავია, რომ გუნდის შექმნის დღიდან მისი თითოეული შემოქმედებითი და საკონცერტო აქტივობა ხორციელდება სრული ენთუზიაზმის საფუძველზე, ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. 2015 წელს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველ ეროვნულ კონკურსზე მაესტრო ომარ ბურდული დასახელდა საუკეთესო ქორმაისტერად. გუნდმა აიღო გრან-პრი კატეგორიაში „აკადემიური სიმღერა“. 2017 წელს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მესამე ეროვნული კონკურსი აღინიშნა პირველი ადგილითა და ოქროს მედლით. თბილისის გოგონათა გუნდი დასახელდა ა-კაპელა ნაწარმოების და ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებლად. 2017 წელს ომარ ბურდული გახდა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.
ირინა მახარაძე
სტუდია „მართვეს“ ქორეოგრაფიის მიმართულების კლასიკური ბალეტის პედაგოგი
ირინა მახარაძე
სტუდია „მართვეს“ ქორეოგრაფიის მიმართულების კლასიკური ბალეტის პედაგოგი
დაიბადა 1954 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ვახტანგ ჭაბუკიანის კლასში (1964-1972 წწ.). 1972 წელს ჩაირიცხა ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასში. პარალელურად მიიწვიეს რეპეტიტორ-მოცეკვავედ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავში“. 1997 წლიდან დღემდე არის ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის (შემდგომში სტუდია „მართვე“) პედაგოგი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. არის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.
სპარტაკ მდივანი
სტუდია „მართვეს“ ქორეოგრაფი
სპარტაკ მდივანი
სტუდია „მართვეს“ ქორეოგრაფი
დაიბადა 1975 წლის 8 აპრილს ქ.ცაგერში. 1991 წელს დაამთავრა ქ.ცაგერის საშუალო სკოლა. 1994 წელს ჩააბარა ქ.ქუთაისის ა.ვასაძის სახ. კულტურის საგანმანათლებლო სასწავლებელში ქორეოგრაფიის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1997 წელს. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა ცაგერის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლეჩხუმს“. 1997-98 წლებში ცეკვავდა ქ.ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში. 1999-2006 წლებში მუშაობდა რაინდთა საავტორო სკოლაში ქორეოგრაფად. აგრეთვე, პარალელურ რეჟიმში მუშაობდა მარნეულის კულტურის სახლში ქორეოგრაფად. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ.თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში თავისი სპეციალობით. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს ფოლკლორის სასახლეში.